top of page

როცა ახლობელს უჭირს

როცა ახლობლის ქცევა შესამჩნევად იცვლება, ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია, მოსმენა და სპეციალისტთან მისვლის რჩევაა. რამდენიმე წუთიანი გულწრფელი გაზიარებაც კი ადამიანისთვის დიდი შვება შეიძლება იყოს.

შეამჩნიეთ ცვლილება

ხასიათი შეიცვალა, ჩაიკეტა, ხშირად ბრაზდება, მუდმივად დაღლილია, აღარ ერთვება იმაში, რაც ადრე ახარებდა.

მოუსმინეთ შეფასების გარეშე

აქტიური მოსმენა ემოციური მხარდაჭერაა. განსჯა და შეფასება პროტესტსა და გაღიზიანებას იწვევს.

ნუ გააუფასურებთ

ფრაზები „ფანტასტიკურად გამოიყურები, რა გაწუხებს“ ან „არაფერი გაქვს სანერვიულო“ განცდას აუმნიშვნელოებს და ადამიანს კეტავს.

ურჩიეთ სპეციალისტი

საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეიძლება, მაგრამ კომპეტენტურ რეკომენდაციას სპეციალისტი იძლევა.

ნუ შეაშინებთ თერაპიით

თერაპიის შესახებ არასწორი ინფორმაცია ან საკუთარი ნეგატიური გამოცდილება ადამიანს აბნევს და დახმარებას აშორებს.

კრიტიკული ნიშნები

თვითდაზიანებასა ან სუიციდზე საუბარი განგაშის ნიშანია: დაუყოვნებლივ ჩართეთ სპეციალისტი და ოჯახის წევრები.

რა ცვლილებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ადამიანის ქცევა რადიკალურად განსხვავდება ადრინდელისგან: გახდა აგრესიული, აღარ გამოდის კონტაქტზე, ჩაიკეტა. შეიძლება ლაპარაკობდეს მოვლენებზე, რომლებიც რეალური არ არის: ხედავდეს ან ესმოდეს ის, რაც არ არსებობს, ან ფიქრობდეს, რომ უთვალთვალებენ და დასდევენ. შეიძლება გვიზიარებდეს, რომ შფოთვა გაუხშირდა, ჰქონდა პანიკური შეტევა ან შიშს ვეღარ ერევა.

ხშირი შეცდომები. გარშემომყოფები ხშირად აიგნორებენ ნათქვამს, უმნიშვნელოდ აქცევენ მას ან მოსმენის ნაცვლად აფასებენ და განსჯიან. ასევე საზიანოა თერაპიაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამ დროს ადამიანი სწორედ დახმარებას ეძებს და ასეთი პასუხი მის ტანჯვას ახანგრძლივებს.

როცა საქმე სიცოცხლეს ეხება. თვითდამაზიანებელი ან სუიციდური ქცევის ნიშნების დროს აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართვა. ამ შემთხვევაში ადამიანს ეხმარება როგორც სპეციალისტი და მულტიდისციპლინური გუნდი, ისე ოჯახი.

ოჯახის როლი ფსიქიატრიული დიაგნოზის დროს. მნიშვნელოვანია ოჯახის ფსიქოგანათლება: რა არის დიაგნოზი, როგორ იმართება, რას გულისხმობს მკურნალობის სქემა. ოჯახი ეხმარება მედიკამენტების დროულად მიღებაში და ემოციურად უჭერს მხარს. თავად ოჯახის წევრებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან ეს მათთვისაც ძლიერი სტრესია.

სტიგმა. მართული დიაგნოზით ადამიანები მუშაობენ, ქმნიან ოჯახებს და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. სტიგმა ამ გზას ართულებს, ამიტომ მასზე ღიად საუბარი დახმარების ნაწილია.

bottom of page