top of page

სტრესისგან აღდგენა და მედეგობა

სტრესი ზოგჯერ გვაძლევს ენერგიას და გვამზადებს მოქმედებისთვის. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა დატვირთვა ხანგრძლივდება და აღდგენის დრო აღარ რჩება.

თუ დაძაბულობა დიდხანს გრძელდება, ძილი ირღვევა, კონცენტრაცია ქვეითდება და სხეული მუდმივ სიფხიზლეშია, სტრესი გადატვირთვად შეიძლება გადაიქცეს.

დააკვირდი, რა გაძლევს ენერგიას და რა გართმევს. ენერგიის რუკა გვეხმარება გავიგოთ, სად გვჭირდება საზღვარი, მხარდაჭერა ან სხვა რეჟიმი.

თუ სტრესი ან გადაღლა დიდხანს გრძელდება და ზემოქმედებს ძილზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე ან სამუშაო ფუნქციონირებაზე, მნიშვნელოვანია პროფესიული მხარდაჭერა.

მასალა საგანმანათლებლოა და არ ცვლის ინდივიდუალურ კონსულტაციას.

როგორ მუშაობს სტრესი

სტრესი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. ეს არის გონებისა და სხეულის პასუხი იმაზე, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენთვის მნიშვნელოვანს. მოკლევადიანი სტრესი გვეხმარება, ხანგრძლივი კი გვფიტავს. კარგი ამბავი ისაა, რომ სხეულს დამშვიდების საკუთარი მექანიზმიც აქვს.

მწვავე სტრესი

გრძელდება წუთებიდან საათამდე. გვეხმარება ძალების მოკრებაში, მობილიზებასა და პროდუქტიულობაში.

ქრონიკული სტრესი

სტრესორს სტრესორი ემატება და სხეული ვეღარ დუნდება. ჩნდება ფიზიკური და ქცევითი ნიშნები.

განგაშის სისტემა

საფრთხის ამოცნობისას აქტიურდება ამიგდალა და გამოიყოფა კორტიზოლი, ადრენალინი და ნორადრენალინი. სხეული ენერგიას აგროვებს.

შებრძოლება, გაქცევა, გაშეშება

ეს რეაქციები გაუცნობიერებელია და ირთვება მაშინაც, როცა საფრთხე რეალური კი არა, წარმოსახულია, მაგალითად პანიკური შეტევისას.

ქრონიკული სტრესის ნიშნები. ფიზიკური: გახშირებული სუნთქვა, დაბინდული მხედველობა, პანიკური შეტევები, გამონაყარი კანზე, ძილის სირთულეები. ქცევითი: გადაწყვეტილების მიღების გაძნელება, დაბნეულობა, მოუსვენრობა, მუდმივი შიშის განცდა.

რა ხდება სხეულში. როცა ორგანიზმი საფრთხეს ამოიცნობს, ტვინის პატარა ნუშისებრი სტრუქტურა, ამიგდალა, განგაშის სიგნალს რთავს. გამოიყოფა სტრესის ჰორმონები, იზრდება არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე, კუნთები იძაბება. ეს მექანიზმი ევოლუციურად გადარჩენას ემსახურება და ნებისმიერი დატვირთვისას ირთვება, მაღვიძარას ზარზეც კი.

bottom of page